29 ივლისს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა. კვლევა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში საშეღავათო პოლიტიკის ეფექტურობისა და შედეგების შესწავლას ეხებოდა 2009-2019 წლების პერსპექტივაში.

კვლევა ჩატარდა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" (PITA) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

ეთნიკური უმცირესობებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული საშეღავათო პოლიტიკა მიზნად ისახავს ყველა სტუდენტს მისცეს განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა. ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის მიზანია, დაეხმაროს არაქართულენოვან სტუდენტებს ქართულ ენაზე უმაღლესი განათლების მისაღებად აუცილებელი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის მიღებაში.

წარმოდგენილი კვლევა მიზნად საშეღავათო პოლიტიკის ათი წლის განმავლობაში არსებული მდგომარეობის ერთიან შეფასებას, წარმატებების ხაზგასმას, გამოწვევებისა და პრობლემების წარმოჩენასა და მათზე დაფუძნებით - სამომავლო პოლიტიკის განსასაზღვრადრეკომენდაციების შემუშავებას ისახავს. შესაბამისად, კვლევის ანგარიში მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს ეროვნული უმცირესობების მიმართ განხორციელებული პოლიტიკის გაანალიზებისა და გადახედვის, შეცვლისა და გაუმჯობესებისაკენ სწრაფვისათვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დონორი ორგანიზაციების, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

კვლევის შედეგები წარადგინეს კვლევის ავტორებმა ნათია გორგაძემ ( სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის პროგრამების მენეჯერმა, განათლების სპეცილისტმა) და შალვა ტაბატაძემ (სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელმა, განათლების სპეციალისტმა).

 

კვლევის ანგარიში