ჩვენი ორგანიზაცია, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) უკვე მეოთხე წელია ყოველწლიურად მართავს საინფორმაციო შეხვედრებს არაქართულენოვანი სკოლების აბიტურიენტებსა და სკოლის წარმომადგენლებთან მათთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდასაჭერად. საინფორმაციო შეხვედრებზე აბიტურიენტებს და ზოგადად დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს (10-12) ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამისა და საშეღავათო პოლიტიკის შესახებ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცედურებისა და ვადების, PITA პროგრამის, უმაღლესი თუ პროფესიული განათლებისა და მათთვის სტაჟირების შესაძლებლობების შესახებ.

 

მსგავსი ტიპის შეხვედრების მიზანი სწორედ ის არის, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის შემცირდეს არსებული ბარიერები, რომლებიც მათ ხელს უშლის მიიღონ უმაღლესი თუ პროფესიული განათლება საქართველოში და მათთვის აკადემიურ გარემოში ინტეგრაცია გახდეს უფრო მარტივი.

საინფორმაციო შეხვედრები და 1+4 პროგრამაზე სტუდენტთა რეკრუტირების (მოზიდვის/მიღების) კამპანია ხორციელდება "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელსაც 2015 წლიდან ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR), რომელიც პროგრამით გათვალისწინებულ სხვადასხვა კომპონენტზე მუშაობს. 

წელს, საინფორმაციო შეხვედრები მარტის თვეში მიმდინარეობდა, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რაიონებში: დმანისი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, საგარეჯო (იორმუღანლოს საჯარო სკოლა), წალკა, ნინოწმინდა, ახალციხე და ახალქალაქი.