კომპანია "ედიტორ-ჯი" და "სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი" (CCIIR) 20026 წლის 15 მარტიდან იწყებს ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენის შემსწავლელ დაჩქარებულ ონლაინკურსებს.
ორგანიზაციას აქვს მეორე/უცხო ენის სწავლების დიდი გამოცდილება: 2005 წლიდან სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, უცხოელ და ადგილობრივ დონორთა მხარდაჭერით, CCIIR-მა შექმნა დიდი მოცულობის რესურსები როგორც სკოლამდელი საფეხურის მოზარდებისთვის, ისე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეთათვის, ასევე - სტუდენტებისა და ზრდასრულთათვის. წლების განმავლობაში ტარდებოდა ენის კურსები სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სკოლებში, იქმნებოდა ბეჭდური და ონლაინრესურსები (როგორც მეთოდოლოგიური, ისე - სასწავლო სახელმძღვანელოების სახით).
2024 წელს წარმატებით განხორციელდა უკრაინის მოქალაქეებისთვის ქართული ენის სწავლების ონლაინკურსები, რომლის შედეგადაც 200-მდე უკრაინელმა დევნილმა მიიღო ენის ფლობის ა1, ა2 და ბ1 დონის სერტიფიკატი.
ორგანიზაციას დიდი გამოცდილება აქვს ელექტრონული რესურსების შექმნისა და დისტანციური სწავლების მიმართულებით (იხ. https://cciir.ge/ka/about-us/about-the-organization).
კურსებს წარუძღვებიან გამოცდილი და კომპეტენტური პედაგოგები:
კახა გაბუნია, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი. იგი მრავალი სახელმძღვანელოს ავტორია, დაარსების დღიდან 2021 წლამდე ხელმძღვანელობდა თსუ ქართულ ენაში მომზადების პროგრამას; მას არაერთი ტრენინგი აქვს ჩატარებული ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენის მეთოდიკაში. 2015 წლიდან ხელმძღვანელობს „მულტილინგვური განათლების პროგრამას“ თსუ-ში. 2024-2025 წლებში მუშაობდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის ქართულის, როგორც მეორე ენის საგამოცდო ტესტირების კონცეფციაზე. თანაავტორია ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენის ფლობის დონეების სახელმწიფო სტანდარტისა. 2024-2025 წლებში ხელმძღვანელობდა და თავად მიჰყავდა ენის კურსები უკრაინელი დევნილებისთვის.
ნინო შარაშენიძე, ფილოლოგიის დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი. მრავალი სახელმძღვანელოს ავტორი, 2000 წლიდან ჩართულია ზრდასრულთათვის სახელმწიფო ენის სწავლების პროექტებში. 2024-2025 წლებში მუშაობდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის ქართულის, როგორც მეორე ენის საგამოცდო ტესტირების კონცეფციაზე. ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენის ფლობის დონეების სახელმწიფო სტანდარტის თანაავტორი.
გიული შაბაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი. 2010 წლიდან ჩართულია ზრდასრულთათვის და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის სახელმწიფო ენის სწავლების პროექტებში. 2025 წლიდან გიული შაბაშვილი თსუ ქართულ ენაში მომზადების პროგრამის ხელმძღვანელია. 2024-2025 წლებში მიჰყავდა ენის კურსები უკრაინელი დევნილებისთვის.
ქეთევან გოჩიტაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი. მრავალი სახელმძღვანელოს ავტორი. 2010 წლიდან ჩართულია ზრდასრულთათვის და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის სახელმწიფო ენის სწავლების პროექტებში. 2024-2025 წლებში მიჰყავდა ენის კურსები უკრაინელი დევნილებისთვის.
ჭაბუკი ქირია, ფილოლოგიის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მრავალი სახელმძღვანელოს ავტორი. 2005 წლიდან ჩართულია ზრდასრულთათვის და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის სახელმწიფო ენის სწავლების პროექტებში. 2010 წლიდან კითხულობს კურსებს თსუ ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე.
მარიამ მანჯგალაძე, ფილოლოგიის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2010 წლიდან ჩართულია ზრდასრულთათვის და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის სახელმწიფო ენის სწავლების პროექტებში. ხელმძღვანელობს კავკასიის უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების პროგრამას. ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენის ფლობის დონეების სახელმწიფო სტანდარტის თანაავტორი.
გაეცანით თანდართულ ფაილს.