სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR), საინფორმაციო კამპანიის ,,ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა“ ფარგლებში სამდღიანი ტრენერთა ტრენინგის ჩატარება დაიწყო.

ტრენინგის დასრულების შემდეგ, PITA-ას თსუ და ილიას ახალგაზრდული ცენტრებიდან შერჩეული 30 მონაწილისგან შემდგარი მობილური ჯგუფი, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში აბიტურიენტებს და სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს, ასევე მათ პედაგოგებს, მშობლებს და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება. გადამზადებული ტრენერები მათ მიაწვდიან ინფორმაციას ეთნიკური უმცირესობებისათვის საქართველოში არსებული უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღებისა და სტაჟირების შესაძლებლობების შესახებ.

ტრენინგის პირველი დღე მოიცავდა საქართველოში არსებული განათლების საშეღავათო პოლიტიკის, ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის, ეთნიკური უმცირესობებისათვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის წესის, ასევე პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაცნობას შესაბამისი მიმართულების ექსპერტებისა და წარმომადგენლების მხრიდან.

აღნიშნული საინფორმაციო კამპანია საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა“ [PITA] ფარგლებში 2018 წლიდან ხორციელდება. პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. საინფორმაციო კამპანიის განხორციელების მხარდამჭერია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.