სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა 2020 წლის ივნისში წარმატებით დაასრულა კიდევ ერთი პროექტი ”სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა ეთნიკური უმცირესობებისათვის ორენოვანი სწავლა-სწავლების დანერგვის საშუალებით”, რომელიც განხორციელდა საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აუდიო-ვიზუალურ მასალასთან ერთად მომზადდა ბილინგვური განათლების შეფასების გზამკვლევი სკოლამდელი განათლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციისათვის. სახელმძღვანელოში განხილულია ბილინგვური განათლების ძირითადი თეორიები და მიმართულებები, ასევე სწავლა-სწავლების შეფასების ზოგადი კონცეფციები, მათი შესაბამისობა ადრეული ასაკის განვითარებასთან. სახელმძღვანელოში ყურადღება გამახვილებულია ადრეული განვითარებისა და სკოლამდელი მზაობის შეფასების მიმართულებებზე, განსაკუთრებით კი იმ კონკრეტულ მიმართულებებზე, რომლებიც სასკოლო მზაობის კუთხით არის საინტერესო ბილინგვური განათლების კონტექსტში.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წარმოდგენილ გაიდში ასახულია შეფასების ინსტრუმენტები, რომლებიც კონკრეტულ მაგალითებსა და შესაძლებლობებზე მორგების საშუალებას იძლევა. აღნიშნული გზამკვლევი დაეხმარება საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგებსა და ადმინისტრაციას ეფექტურად დაგეგმონ და განახორციელონ სასწავლო პროცესის მონიტორინგი და ინსტრუმენტების საშუალებით შეაფასონ ბავშვთა სასკოლო მზაობა და სასწავლო პროცესის შედეგები.
პუბლიკაციის ავტორია ნათია გორგაძე.
პუბლიკაციის ნახვა შესაძლებელია ქვემოთ მოცემული ბმულის საშუალებით:

 

ბილინგვური განათლების შეფასების გზამკვლევი სკოლამდელი განათლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციისათვის