CCIIR-მა 2020 წლის ივნისში დაასრულა პროექტი ”სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა ეთნიკური უმცირესობებისათვის ორენოვანი სწავლა-სწავლების დანერგვის საშუალებით”, რომელიც ღია საზოგადოების ფონდი/ Open Society Georgia Foundation -ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდებოდა.

პროექტი ქვემო ქართლის რეგიონში მარნეულის, გარდაბნის, დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების 6 სოფელსა და ქალაქს, შვიდ სამიზნე სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებას მოიცავდა.

აღნიშნული პროექტის შედეგად:

✔ ეთნიკური უმცირესობის 7 საბავშვო ბაღში ბილინგვური განათლების საჭიროებაზე მორგებული მოდელი დაინერგა და აღნიშნული მიმართულებით ტრენინგები ჩაუტარდათ როგორც აღმზრდელებსა და პედაგოგებს, აგრეთვე ბაღების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც. ტრენინგებზე განვითარებული პროფესიული უნარები და შესაბამისი ცოდნა ბილინგვური განათლების შესახებ საშუალებას მისცემს მათ უპასუხონ ადგილობრივი თემის თანამედროვე მოთხოვნებს და აქტიურად დანერგონ ბილინგვური განათლების მიდგომები საპილოტე ბაღებში.

✔ პროექტის ფარგლებში მომზადდა და საპილოტე ბაღებს გადაეცა ვიზუალური მასალები: თემატური პოსტერები და სასწავლო ბარათები. აგრეთვე შეიქმნა საგანმანათლებლო აუდიო და ვიდეო რესურსები (ვიდეოტექსტები, საბავშვო სიმღერები, ანბანი), რომლებიც მნიშვნელოვანი დამამხარე საშუალება იქნება სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებისათვის სწავლა-სწავლების პროცესში.

✔ ბილინგვური განათლების სკოლამდელ დაწესებულებებში დანერგვისათვის მომზადდა ეფექტური მეთოდიკის გამოყენების პრაქტიკული მაგალითები, რომლის გავრცობა და გადაღება სხვა ბაღებსა და სასკოლო პროგრამებშიც იქნება შესაძლებელი. აგრეთვე პროექტის ფარგლებში მომზადდა ბილინგვური განათლების განხორიციელების მონიტორინგის დოკუმენტი, რომელიც მნიშვნელოვანი რესურსი იქნება ბაღების ადმინისტრაციისა და პედაგოგებისათვის შეაფასონ ბილინგვური განათლების მიდგომებისა და მეთოდიკის ეფექტურობა და შესაბამისად დასახონ და შეიმუშაონ შემდგომი განვითარების სტრატეგიები და მიდგომები.

✔ პროექტის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგებისა და შექმნილი საგანმანათლებლო რესურსებით 400-ზე მეტი სკოლამდელი ასაკის ბავშვი შეძლებს სრულად ისარგებლოს მომავალი სასწავლო წლიდან. ეს მათ დაეხმარება კოგნიტური უნარების განვითარებასა და ქართული და მშობლიური ენის ფლობის დონის გაუმჯობესებაში.

აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ CCIIR-ი ბილინგვური განათლების პროგრამებს, საპილოტე რეჟიმში უკვე ახორციელებს ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში (პროექტი - საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით / OSCE HCNM).
ორივე პროექტი მხარს უჭერს საზოგადოების ინტეგრაციის პროცესს სწორედ მულტილინგვური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გზით.