პროექტის „საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით“ ფარგლებში დაწყებითი კლასების მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამა დაიწყო. პროგრამა საპილოტე სკოლების პედაგოგთა ქართულენოვან, „ახალი სკოლის“ პროექტში ჩართულ სკოლებში 1 თვით მივლინებას და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.
გაცვლითი პროგრამის მიზნები და ამოცანები:
- სკოლებს შორის თანამშრომლობა და მომავალი ერთობლივი პროექტების განსაზღვრა
- ახალი სკოლის მოდელის გაცნობა
- გამოცდილების გაზიარება და პროფესიული განვითარება
- გაკვეთილის ერთობლივი დაგეგმვა
- ქართული სასკოლო კულტურის გაცნობა
- არაქართულენოვანი მასწავლებლების ქართული ენის კომპეტენციის გაზრდა.
23-24 ნოემბერს, თბილისში ჩატარდა ტრენინგი, სადაც პროგრამის მონაწილეებს ერთმანეთთან უკეთ გაცნობის საშუალება ჰქონდათ. ორდღიანი ტრენინგი ასევე კოლეგებთან თანამშრომლობას, ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვასა და ახალი სკოლის მოდელის გაცნობას მიეძღვნა.
გაცვლითი პროგრამა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება.
პროექტს „საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით“ ახორციელებს ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი - CCIIR, ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OSCE, HCNM) დაფინანსებით. მისი მიზანია მულტილინგვური განათლების ხელშეწყობა სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების მიდგომის დანერგვით.