თსუ-ს მუდლის პლატფორმას ახალი ელექტრონული კურსი შეემატა - ფუნქციური წერა, რომლის ავტორიც გახლავთ თსუ-ს ასოცირებული პროფესორი გიული შაბაშვილი. თსუ-ს მუდლის პლატფორმა და მასზე განთავსებული ელექტრონული კურსები არაქართულენოვანი სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ქართულ ენაში მომზადების ერთწლიან პროგრამას გადიან.
პლატფორმა, რომელიც "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" (PITA) ფარგლებში დაინერგა, საშუალებას აძლევს პროგრამის ლექტორებსა და სტუდენტებს ქართული ენის სწავლა-სწავლების თანამედროვე, მოქნილი ელექტრონული ფორმატი გამოიყენონ, რომელიც სწავლების პროცესის ყველა კომპონენტს მოიცავს: შინაარსი, მეთოდები, შეფასების სისტემა, სასწავლო რესურსები/მასალები და სხვა.
ფუნქციური წერის ელ. კურსის ავტორმა გიული შაბაშვილმა, კურსის გაცნობის მიზნით თსუ-ს 1+4 პროგრამის ლექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. შესაბამისი მიმართულების ლექტორებს უკვე შეუძლიათ გამოიყენონ აღნიშნული კურსი სწავლების პროცესში, როგორც დამხმარე სასწავლო რესურსი, რომელიც უფრო მრავალფეროვანს და ინფორმაციულს გახდის სასწავლო პროცესს.