4 დან 6 მაისის ჩათვლით პროექტის "საქართველოს ახალგაზრდობის მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობისთვის მომზადება" (DTYG) ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრების ძირითადი ნაწილი შეეხებოდა: უნივერსიტეტთაშორისი ასოციაციის მიმდინარე საკითხებსა და ქართულ ენაში მომზადების სააკრედიტაციო პროგრამების მომზადებას, პროექტის სამიზნე უნივერსიტეტებში ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების საბაკალავრო კურსის აკრედიტაციის მიმდინარეობას, ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების პრინციპებსა და სწავლების მეთოდებს, საგნობრივი და ენობრივი მიზნების ურთიერთმიმართების საკითხებს, თემატური აქტივობების დაგეგმვას...
გარდა ამისა, სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, შედგა მასწავლებლის გზამკვლევის პრეზენტაციაც. გზამკვლევი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლებისათვის მომზადებული სალექციო და სასემინარო კურსის "ტოლერანტობა და მრავალფეროვნება" ხელმძღვანელთათვის.
კურსის მიზანია სტუდენტები გაეცნონ ტოლერანტობასა და მრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ თეორიულ და ყოფით საკითხებს, თანამედროვე საქართველოში მცხოვრები ეთნო-კულტურული, რელიგიური თუ სხვა ჯგუფების მდგომარეობას, სიძნელეებსა და თანაცხოვრების პოზიტიურ მაგალითებს, დღევანდელი ქართული საზოგადოების მახასიათებლებს. წარმოდგენილი კურსის ამოცანაა ახალგაზრდები აღჭურვოს სათანადო ცოდნით თანამედროვე საქართველოში არსებული ეთნოკულტურული გარემოს შესახებ, განუვითაროს სამოქალაქო ღირებულებები და შემწყნარებლური დამოკიდებულება გარემოს მიმართ, დაანახოს ამ მიმართებით არსებული სიძნელეების არსი და მათი გადაჭრის სავარაუდო გზები.
პროექტი "საქართველოს ახალგაზრდობის მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობისთვის მომზადება" (DTYG) ხორციელდება ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით, CCIIR-ის მიერ.