სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა, "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, წელს მეორედ ჩაატარა სკოლის დამამთავრებელი საფეხურის არაქართულენოვან მოსწავლეთა რეკრუტირების კამპანია.
კამპანია გულისხმობს საინფორმაციო შეხვედრებს არაქართულენოვან აბიტურიენტებთან, რომლებიც სწავლის გაგრძელებას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აპირებენ.
შეხვედრების მიზანია მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება ქართულ ენაში მომზადების პროგრამისა და საშეღავათო პოლიტიკის (კვოტირების სისტემის) შესახებ, რომელსაც განათლების სამინისტრო 2010 წლიდან ახორციელებს. ე.წ. 1+4 პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა. აქ მოხვედრა მხოლოდ ერთი გამოცდით, ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტის ჩაბარებითაა შესაძლებელი. ჩარიცხვის შემდგომ სტუდენტი ერთი წელი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს, რაც ენის ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება, იმდენად, რომ მომდევნო ოთხი წელი სწავლა ბაკალავრიატის საფეხურზე შეძლოს.
ეთნიკური უმცირესობის აბიტურიენტთა მხარდამჭერი შეხვედრები ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მიმდინარეობდა.