15-17 თებერვალს, თსუ-ში გაიმართა რიგით მესამე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში.
სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრთან (CCIIR), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტარტუს უნივერსიტეტთან (ესტონეთი) თანამშრომლობით.
კონფერენციის მიზანი იყო განეხილა და ერთიან კონცეფციად ჩამოეყალიბებინა ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტთა ნააზრევი მეორე ენის სწავლების მიდგომებისა და სტრატეგიების თაობაზე მულტილინგვური განათლების კონტექსტში.
კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების გარდა, 16 ქვეყნიდან მსოფლიოს 22 უნივერსიტეტის წარმომადგენელმა მიიღო, რომლებმაც წარმოადგინეს როგორც თანამედროვე კონცეპტუალური მიდგომები, ასევე საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება სფეროში. ქართველმა სპეციალისტებმა სადისკუსიოდ გამოიტანეს და განიხილეს ის ექსპერიმენტული პროექტები და აქტივობები, რომელთა ნაწილი უკვე განხორციელდა ან ამჟამად მიმდინარეობს უმაღლეს სასწავლებლებსა თუ რეგიონების (ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში) სკოლებში.
კონფერენციის ფარგლებში, ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა სტუდენტებისთვის თემატური ვორქშოფებიც ჩაატარეს.
მულტილინგვური განათლება (Multilingual education) ეს არის კომპლექსური სისტემა, რომელიც მრავალ განსხვავებულ ასპექტს მოიცავს. განათლება, რომლის დროსაც სწავლების ენად გამოიყენება რამდენიმე ენა: მშობლიური (პირველი) და არამშობლიური (მეორე, მესამე...), სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ევროპისა და ამერიკის მთელ რიგ ქვეყნებში. უნდა აღინიშნოს, რომ მულტილინგვური განათლების პრინციპებისა და მიდგომების დანერგვა დღეს ქართული საგანმანათლებლო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ის განსაკუთრებით აქტუალურია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.
http://seltame.tsu.ge/