16 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „საქართველოს ახალგაზრდობის მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობისათვის მომზადება“ (Prepare for Diversity and Develop Tolerance Among the Youth of Georgia (DTYG)) პრეზენტაცია გაიმართა და ჩატარდება პირველი სამუშაო შეხვედრა (kick off meeting), სადაც პროექტის მიზნებსა და სამოქმედო გეგმას გაეცნენ.
პროექტს ახორციელებს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი - CCIIR თსუ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტი ითვალისწინებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, როგორც უმცირესობათა წარმომადგენელი სტუდენტებისათვის (1+4 პროგრამის ბაზაზე), ასევე საბაკალავრო პროგრამების ყველა მიმართულების სტუდენტებისათვის ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების შესახებ საუნივერსიტეტო კურსის შემუშავებას, ამ კურსისთვის სილაბუსებისა და ადეკვატური მასალის დამუშავებას, აკადემიური პერსონალის მომზადებას, კურსის აკრედიტაციისა და მისი განხორციელებისათვის ხელშეწყობას.
პრეზენტაციას ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლები ჰააგიდან (მარკ ფუმაგალი – ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი; ლაურენც იუჰადირკა – ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის უფროსი იურიდიული მრჩეველი; ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის პროექტების ოფიცერი მიხაელ ანგერმანი და პროგრამის კოორდინატორი საქართველოში - ნინო გოგოლაძე), პროექტში მონაწილე თსუ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე თელავის, გორისა და თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.