15 დეკემბერს, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრში საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა შეეხებოდა უნივერსიტეტთაშორისი ქსელის შექმნის იდეის განხილვას. ეს იქნება ურთიერთთანამშრომლობის ელექტრონული პლატფორმა იმ უმაღლეს სასწავლებლებლებისთვის, რომლებშიც საშეღავათო პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარე საუნივერსიტეტო პროგრამები ფუნქციონირებს. უნივერსიტეტთაშორისი ქსელი უზრუნველყოფს მხარეების რეგულარულ შეხვედრებს ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით, როგორც ენის სწავლების მეთოდიკის, ისე პროგრამის ადმინისტრირებისა და სწავლების კომპონენტების კუთხით. ასევე ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზების მიზნით.
ცენტრში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა სულ 8 უნივერსიტეტის წარმომადგენელმა მიიღო, ესენი არიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის, ბათუმისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტები. შეხვედრას ასევე ესწრებოდა გაეროს ასოციაციის წარმომადგენელი რუსუდან ჭანტურია.
მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე, რომელსაც ხელს უკვე სულ მალე მოაწერენ.
უნივერსიტეტებისათვის ხელმისაწვდომი პლატფორმა ხელს შეუწყობს მათ ერთობლივ მუშაობას როგორც საუნივერსიტეტო, ისე პროგრამულ დონეზე.
უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერას უზრუნველყოფს "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა" [PITA], რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი - CCIIR საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.