8 ნოემბერს, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში "სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა" CCIIR გამართა კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის ეფექტურობას ეხება.
პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით 2010 წლიდან ამოქმედდა "საშეღავათო პოლიტიკის" ფარგლებში. აქ მოხვედრა მხოლოდ ერთი გამოცდით, ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტის ჩაბარებითაა შესაძლებელი. ჩარიცხვის შემდგომ სტუდენტი ერთი წელი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს, რაც ენის ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება, იმდენად, რომ მომდევნო ოთხი წელი სწავლა ბაკალავრიატის საფეხურზე შეძლოს. ქართული ენის შესწავლის გარდა, არაქართულენოვანი სტუდენტები პროგრამის ფარგლებში, ინტეგრირდებიან ქართულენოვან სტუდენტურ საზოგადოებაში. ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შეღავათიანი სისტემა არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისა და თანასწორობის მისაღწევად უმაღლეს სასწავლებლებში.
CCIIR -ის კვლევის მთავარი მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ როგორ აფასებენ ქართულ ენაში მომზადების ერთწლიან პროგრამას თავად სტუდენტები, როგორია მათი აღქმა და დამოკიდებულება ამ პროგრამის მიმართ. ამჟამად ქართული ენის ერთწლიან პროგრამაში 577 სტუდენტია ჩართული. ცენტრმა 280 სტუდენტი გამოკითხა.
პრეზენტაციაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და კვლევის ავტორებმა (შალვა ტაბატაძემ, CCIIR - ის ხელმძღვანელმა და ნათია გორგაძემ, პროექტის მენეჯერმა) ყველა დაინტერესებულ და ჩართულ მხარეს კვლევის შედეგებთან ერთად წარუდგინეს რეკომენდაციები პროგრამის/პოლიტიკის გასაუმჯობესებლად.
კვლევა ჩატარდა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" (PITA) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
კვლევის წასაკითხად გადადით ბმულზე