სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა დაიწყო საინფორმაციო შეხვედრების გამართვა არაქართულენოვან აბიტურიენტებთან, რომლებიც სწავლის გაგრძელებას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აპირებენ. შეხვედრების მიზანია მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება ქართულ ენაში მომზადების პროგრამისა და საშეღავათო პოლიტიკის (კვოტირების სისტემის) შესახებ, რომელსაც განათლების სამინისტრო 2010 წლიდან ახორციელებს. ე.წ. 1+4 პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა. აქ მოხვედრა მხოლოდ ერთი გამოცდით, ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტის ჩაბარებითაა შესაძლებელი. ჩარიცხვის შემდგომ სტუდენტი ერთი წელი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს, რაც ენის ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება, იმდენად, რომ მომდევნო ოთხი წელი სწავლა ბაკალავრიატის საფეხურზე შეძლოს. შეხვედრებს მართავს თსუ ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის ხელმძღვანელი და CCIIR – ის პროექტის კომპონენტის დირექტორი კახა გაბუნია.
საინფორმაციო შეხვედრები დღეს მარნეულის რაიონში მდებარე სოფელ სადახლოში ვიზიტით დაიწყო და ქვემო ქართლის სხვა რაიონებშიც გადაინაცვლებს (გარდაბანი, ბოლნისი, დმანისი, წალკა). 6-15 მარტის პერიოდში კი შეხვედრები სამცხე-ჯავახეთში (ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებში) ჩატარდება. სპეციალურად ამ შეხვედრებისთვის ორგანიზაციამ დაბეჭდა გზამკვლევები/ბროშურები, რომლებიც აბიტურიენტებს დაურიგდებათ და შესაძლებლობა ექნებათ კიდევ კარგად გაეცნონ საშეღავათო პოლიტიკასა და თსუ - ს მოსამზადებელ პროგრამას, შეხვედრებზე კი მათთვის საინტერესო შეკითხვებს კახა გაბუნია უპასუხებს.
ეთნიკური უმცირესობის აბიტურიენტთა მხარდამჭერი შეხვედრები იმართება "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია ა/ო სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი CCIIR.