2 დეკემბერს, თსუ მე-7 კორპუსში "თსუ ახალგაზრდული ცენტრი" გაიხსნა. ღონისძიება ორგანიზებულ იქნა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა "სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი".
გახსნას დაესწრნენ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახალხო დამცველის ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, თსუ -ს რექტორი, სტუდენტები და აკადემიური პერსონალი და სხვები.
ახალგაზრდული ცენტრი თსუ - ში ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის (1+4 პროგრამა) ბაზაზე შეიქმნა და ის ორიენტირებული იქნება ახალგაზრდების საჭიროებებზე, სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებასა და სტუდენტთა სამოქალაქო ჩართულობისა და ინტეგრაციის ხარისხის გაზრდაზე.
"თსუ ახალგაზრდული ცენტრის" საქმიანობა საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება. ის ითვალისწინებს მრავალი სხვადასხვა ტიპის აქტივობის განხორციელებას, მათ შორის: თემატური ჯგუფების ჩამოყალიბებას - ადამიანის უფლებათა დაცვის, განათლების, მრავალფეროვნებისა და კულტურათაშორისი დიალოგის, გარემოს დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის, ადვოკატირებისა და კვლევის, ასევე - კერძო სექტორთან თანამშრომლობის მიმართულებით; ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ტრენინგებისა და სადისკუსიო შეხვედრების ორგანიზებას; ცენტრი თავის წევრებს დახმარებას გაუწევს ფონდების მოძიებაში; მოამზადებს მათ, რათა მონაწილეობა მიიღონ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში; ივარაუდება ასევე სტუდენტთა დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებაც და სხვა.