5 ივნისს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ფაკულტეტთან ერთად გამართა ინტერკულტურული ღონისძიება „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“. ღონისძიება მიზნად ისახავდა საუნივერსიტეტო გარემოში მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის წახალისებას. ღონისძიება ჩატარდა ფონდ ,,ღია საზოგადოება-საქართველოს“ დაფინანსებული პროექტის "მულტიკულტურული განათლების ასახვა მასწავლებელთა განათლების პროგრამებში“ ფარგლებში.
საღამოზე ბათუმის უნივერსიტეტის ქართველმა, თურქმა, სომეხმა, რუსმა და აზერბაიჯანელმა სტუდენტებმა საკუთარი ქვეყნების კულტურა და მულტიკულტურულ მახასიათებლები წარმოადგინეს. ინტერკულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის ქართველმა და თურქმა მოსწავლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა შემოქმედებით ნომერთან ერთად ინგლისურენოვანი სპექტაკლი წარმოადგინეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში, პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში, ბსუ-ს ფაკულტეტის დეკანები, აჭარის განთლებისა და კულტურის მინისტრი, აზერბაიჯანის დიასპორის თავმჯდომარე, აზერბაიჯანის გენერალურ კონსული ბათუმში, სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსული ბათუმში, სომეხთა კავშირის თავმჯდომარე, თურქეთის კონსული ბათუმში, შაჰინის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი და სხვები.
პროექტის "მულტიკულტურული განათლების ასახვა მასწავლებელთა განათლების პროგრამებში“ სამიზნეა 3 უმაღლესი სასწავლებელი - ქუთაისის, ბათუმისა და გორის და მისი მიზანია ამ უნივერსიტეტებში მომავალი მასწავლებლების მომზადება მაღალი მულტიკულტურული მგრძნობელობითა და მრავალფეროვანი კლასის მართვისა და სწავლების უნარებით მასწავლებელთა განათლების პროგრამების გაუმჯობესების გზით. პროექტის განხორციელების შემდეგ მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებში აისახება ინტერკულტურული ასპექტები. ასევე შეიქმნება და დაინერგება მულტიკულტურული განათლების სამი სასწავლო კურსი საქართველოს სამ უმაღლეს სასწავლებელში: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.