30 მაისს მოეწყო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ-მასწავლებელთა საპასუხო ვიზიტი მარნეულის რაიონის კაჩაგანის N1 საჯარო სკოლაში, სადაც სტუმრებს დახვდნენ აღნიშნული სკოლის მოსწავლეები, ადმინისტრაცია, აგრეთვე - ამ სკოლადამთვარებული სტუდენტები, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა ფაკულტეტზე სწავლობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

აქვე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის მიმდინარე პროგრამის (ადგილობრივი მოსახლეობისათვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა) ტრენერ მასწავლებელი და ჯგუფის წევრები.

 

ღონისძიება მოეწყო პროექტის "მულტიკულტურული განათლების ასახვა მასწავლებელთა განათლების პროგრამებში" ფარგლებში, რომელიც ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია მომავალი მასწავლებლების მომზადება მაღალი მულტიკულტურული მგრძნობელობითა და მრავალფეროვანი კლასის მართვისა და სწავლების უნარებით უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებელთა განათლების პროგრამების გაუმჯობესების გზით.

შეხვედრაზე სტუმრებს მიესალმნენ სკოლის დირექტორი და მასწავლებლები. მასპინძლებს სიტყვით მიმართა პროექტის დირექტორმა, თსუ ქართულ ენაში მოსამზადებელი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა კახა გაბუნიამ. მოსწავლებმა და სტუდენტებმა შეასრულეს ეროვნული ცეკვები. მონაწილეებს ასევე შეუერთდათ მარნეულის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა აღსაბაძე, შაუმიანის N1 საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგი ნანა ჭიტაძე, ჯანდარის საჯარო სკოლის პედაგოგები და ამ სკოლების მოსწავლეები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პროექტის მონაწილეებმა ბოლნისის სიონი და იქვე არსებული მუსლიმური მეჩეთი დაათვალიერეს და მომავალი ღონისძიებებიც დაგეგმეს.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა პროექტის ფარგლებში მსგავსი შეხვედრები ასევე ჩაატარა ქუთაისის, გორისა და ბათუმის უნივერსიტეტებში. ორგანიზაცია მომავალშიც გააგრძელებს ინტერკულტურული ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა შედეგიც იქნება არაქართულენოვანი მოსახლეობის ინტეგრაცია ეთნიკურად და კულტურულად განსხვავებულ გარემოში, ურთიერთპატივისცემის, თანამშრომლობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში ჩართულობის ხარისხის ამაღლება.