22 მაისს მარნეულის N2 საჯარო, ამავე მუნიციპალიტეტის ორი აზერბაიჯანული (ჯანდარის, კაჩაგანის) და შულავერის N1 სომხური სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ, სადაც მასწავლებელთა განათლების პროგრამის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდნენ.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების, კერძოდ, ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანელი და სომეხი სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების საზოგადოებაში ინტეგრაციის და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა.

 ღონისძიება მოეწყო პროექტის "მულტიკულტურული განათლების ასახვა მასწავლებელთა განათლების პროგრამებში" ფარგლებში, რომელიც ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია მომავალი მასწავლებლების მომზადება მაღალი მულტიკულტურული მგრძნობელობითა და მრავალფეროვანი კლასის მართვისა და სწავლების უნარებით უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებელთა განათლების პროგრამების გაუმჯობესების გზით.

შეხვედრის დასასრულს სტუმრებს გადაეცათ უნივერსიტეტის სამახსოვრო საჩუქრები. სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტი, ეწვივნენ სტალინის მუზეუმს. სტუმრები და მასპინძლები ასევე გაემგზავრნენ უფლისციხის დასათვალიერებლად. გიდობა სტუმრებს გაუწიეს გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ლექტორებმა.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი მსგავს ღონისძიებებს მართავს/გამართავს პროექტის სამიზნე სხვა უნივერსიტეტებშიც - ქუთაისის და ბათუმის. ინტერკულტურული ღონისძიებების ორგანიზების გზით ორგანიზაცია ხელს უწყობს საუნივერსიტეტო გარემოში მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის წახალისებას.