სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "მულტიკულტურული განათლების ასახვა მასწავლებელთა განათლების პროგრამებში". პროექტის მიზანია მომავალი მასწავლებლების მომზადება მაღალი მულტიკულტურული მგრძნობელობითა და მრავალფეროვანი კლასის მართვისა და სწავლების უნარებით უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებელთა განათლების პროგრამების გაუმჯობესების გზით.

პროექტის ფარგლებში, CCIIR - მა გამართა სამუშაო შეხვედრები პროექტის სამიზნე 3 უმაღლეს სასწავლებელში - გორის, ქუთაისისა და ბათუმის უნივერსიტეტებში. უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ორგანიზაციის ექსპერტებმა (კახა გაბუნია, შალვა ტაბატაძე) წარმოადგინეს შემუშავებული სილაბუსების პრეზენტაცია. ამავე შეხვედრებზე შეთანხმდა ინტერკულტურული ღონისძიებები, რომლებიც უნდა ჩატარდეს ამ 3 უნივერსიტეტში.

უნდა აღინიშნოს, რომ მასწავლებელთა განათლების პროგრამებზე სტუდენტთა დიდი რაოდენობით სწორედ ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები გამოირჩევა და სწორედ ამ უნივერსიტეტებში სწავლობენ მიზნობრივი ჯგუფები ყველაზე დიდი რაოდენობით. ამასთანავე, კვლევამ აჩვენა, რომ ინტერკულტურული მგრძნობელობა ყველაზე დაბალი სწორედ გორის, ქუთაისისა და ბათუმის უნივერსიტეტების სტუდენტებს გააჩნიათ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ უნივერსიტეტების მხარდაჭერა, რათა მათს მასწავლებელთა განათლების პროგრამებში ასახული იყოს მულტიკულტურული განათლების ასპექტები და ისინი უზრუნველყოფდნენ მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული მულტიკულტურული კომპეტენციების განვითარებას საკუთარი სტუდენტებისათვის.

პროექტის ამოცანები

• მასწავლებელთა განათლების პროგრამებში ინტერკულტურული ასპექტების ასახვა;
• პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება სტუდენტებში მულტიკულტურული მგრძნობელობის და ტოლერანტობის განსავითარებლად უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლების გადამზადების გზით ინტერკულტურული სასწავლო გეგმის შედგენისა და მისი იმპლემენტაციის საკითხებზე;
• მულტიკულტურული განათლების კურსის/ მოდულის შექმნა მასწავლებელთა განათლების პროგრამებისთვის სამ უმაღლეს სასწავლებლებში;
• საქართველოს სამ უმაღლეს სასწავლებელში ტოლერანტობის და ურთიერთპატივისცემის გარემოს შექმნა ინტერკულტურული ღონისძიებების ორგანიზების გზით;

მოსალოდნელი შედეგები

• პროექტის განხორციელების შედეგად მოხდება მასწავლებელთა განათლების პროგრამებში ინტერკულტურული ასპექტების ასახვა გორის, ქუთაისისა და ბათუმის უნივერსიტეტებში;
• ამაღლდება მასწავლებელთა განათლების პროგრამების 12 პროფესორ-მასწავლებლის კვალიფიკაცია სტუდენტებში მულტიკულტურული მგრძნობელობის და ტოლერანტობის განსავითარებლად;
• შეიქმნება და დაინერგება მულტიკულტურული განათლების სამი კურსი საქართველოს სამ უმაღლეს სასწავლებელში;
• ჩატარდება 6 კულტურული ღონისძიება და გაიზრდება საქართველოს სამ უმაღლეს სასწავლებელში ტოლერანტობის და ურთიერთპატივისცემის გარემო;