სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა პროექტის „ორენოვანი წიგნიერების განვითარება არაქართულენოვან სკოლებში“ ფარგლებში სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის არაქართულენოვან სკოლებს დონეებად დაყოფილი "კითხვის კიბის" წიგნები გადასცა.
თითოეული აზერბაიჯანული სკოლისთვის დაიბეჭდა აზერბაიჯანულენოვანი "კითხვის კიბის" 416 ეგზემპლარი და ქართულის 832 ეგზემპლარი. ასევე თითოეული სომხური სკოლისთვის - სომხურენოვანი "კითხვის კიბის" 416 ეგზემპლარი და ქართულის 832 ეგზემპლარი.
„კითხვის კიბე" 20 თანმიმდევრული საფეხურისგან შედგება და მთლიანობაში 416 ტექსტს მოიცავს. აქედან 220 არის დონეებად დაყოფილი ტექსტი, 116 - სერიული ტექსტი და 80 - ფონეტიკური ტექსტი. ტექსტები იყოფა როგორც საფეხურების მიხედვით, ასევე ჟანრების მიხედვითაც. ამ ტექსტების საშუალებით წარმატებული მკითხველის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი უნარები თანდათანობით, ეტაპობრივად ვითარდება.
„კითხვის კიბე" ათეულობით წელია, წარმატებით გამოიყენება წიგნიერების განვითარებისათვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამ რესურსს ფართოდ იყენებენ სასწავლო და კლასგარეშე საქმიანობისას როგორც მშობლიურ, ასევე მეორე და უცხო ენის სწავლებაში კითხვის უნარების განვითარებისათვის. დონეებად დაყოფილი ტექსტების სამიზნე ჯგუფი სკოლამდელი, დაწყებითი და ცალკეულ შემთხვევებში საბაზო საფეხურის მოსწავლეები არიან.
წიგნების ონლაინ ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებ-გვერდზე reading.ge/