სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი ახალი პროექტების განხორციელებას იწყებს. პროექტი „განათლების დაფინანსების სისტემა და თანასწორობა საქართველოში“ ეხება განათლების სისტემაში ვაუჩერული დაფინანსების სისტემის ეფექტურობის კვლევას და ანალიზს სოციალური თანასწორობის კონტექსტში.
პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის“ დაფინანსებით.
პროექტის მიზანია საქართველოს განათლების სისტემაში სოციალური თანასწორობის მხარდაჭერა; არსებული ვაუჩერული დაფინასების პროგრამის ეფექტურობისა და განათლების სისტემაში მისი შედეგების კვლევა; აგრეთვე კვლევის შედეგების ანალიზი და რეკომენდაციები პოზიტიური ცვლილებებისათვის.
ორგანიზაცია შემდეგ კვლევის მეთოდებს გამოიყენებს: ა) სამაგიდე კვლევა, რომელიც გულისხმობს კველევის ფარგლებში შერჩეული კერძო და საჯარო სკოლების 2009-2013 წლების ფინანსური დოკუმენტაციის (წლიური ბალანსი; საწყისი ნაშთი წლის დასაწყისში; ხარჯები მუხლების მიხედვით) შედარებით ანალიზს; ბ) პირისპირ ინტერვიუები დაინტერესებულ მხარეებთან და გ) ფოკუს ჯგუფები.
კვლევაში მონაწილეობას 470 - ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის დირექტორი, მოსწავლე და მასწავლებელი მიიღებს.
პროექტის „მასწავლებელთა განათლება - მულტიკულტურული სწავლებისთვის მომზადება“ მიზანია მასწავლებელთა განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა მულტიკულტურალიზმის განვითარების კონტექსტში.
პროექტის ამოცანები:
• მასწავლებელთა განათლებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების შესწავლა მულტიკულტურალიზმის თვალსაზრისით და მისი შესაბამისობა არსებულ საგანმანათლებლო საჭიროებებთან.
• საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მულტიკულტურული განათლების შესახებ და ყველა დაინტერესებული მხარის მობილიზება პოზიტიური ცვლილებებისთვის.
• რეკომენდაციების შემუშავება მასწავლებელთა მულტიკულტურული კომპეტენციების ასამაღლებლად.
ორგანიზაცია შეაფასებს, რამდენად ეფექტურია მასწავლებელთა განათლების პროგრამები და რამდენად ფლობენ მასწავლებლები მულტიკულტურული სწავლების კომპეტენციებს იმისათვის რომ მართონ მრავალფეროვანი კლასი.
CCIIR კვლევის შემდეგ მეთოდებს გამოიყენებს: სამაგიდე კვლევა, პირისპირ ინტერვიუ და ფოკუს ჯგუფი.
კვლევაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და სამცხე-ჯავახეთის (ახალციხის) სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ მასწავლებელთა განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, ასევე ლექტორები და ფაკულტეტის წარმომადგენლები.