19 დეკემბერს, სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართა კვლევის - ,,ინტერკულტურული განათლების ასპექტების კვლევა საქართველოს სკოლების დაწყებით საფეხურზე" ანგარიშისა და შედეგების პრეზენტაცია.
კვლევა ჩატარდა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) - ფარგლებში.
ინტერკულტურული მგრძნობელობის კვლევა დაწყებითი სკოლების მასწავლებლებში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და მისი მიზანი იყო საქართველოს საჯარო სკოლებში დაწყებითი კლასების მასწავლებელთა ინტერკულტურული მგრძნობელობის დონის განსაზღვრა და მათგან განსხვავებული სხვადასხვა ჯგუფების მიმართ მათი დამოკიდებულებების შესწავლა.
პრეზენტაციას უძღვებოდნენ: შალვა ტაბატაძე, CCIIR - ის ხელმძღვანელი, ნათია გორგაძე, CCIIR - ის პროგრამების მენეჯერი და კახა გაბუნია, ირმა ხომერიკი და დავით თინიკაშვილი, რომლებიც კვლევის ერთ-ერთ ნაწილზე - სახელმძღვანელოების ანალიზზე მუშაობდნენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების/ფონდების წარმომადგენლები, განათლების ექსპერტები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, რეინტეგრაციის სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს სახალხო დამცველთა არსებული ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელი და სხვები.
კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ, კვლევის ავტორებმა დამსწრე აუდიტორიას ის რეკომენდაციები გააცნეს, რომელიც კვლევის შედეგების ანალიზმა აჩვენა.
კვლევის ანგარიში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა ქართულ და ინგლისურ ენაზე გამოსცა.