სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა განახორციელა კვლევა, რომელიც აფასებს უმაღლეს სასწავლებლებში განათლების საშეღავათო პოლიტიკისა და ერთწლიანი ქართული ენის პროგრამის ეფექტურობას საქართველოში.
აღნიშნული კვლევის შედეგების განხილვა გაიმართა გორის, ახალციხის, ქუთაისის, ბათუმის, თელავის უნივერსიტეტებსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ქართული ენის ერთწლიანი პროგრამა ხორციელდება. შეხვედრას უნივერსიტეტის ლექტორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტები და ქართული ენის ერთწლიანი პროგრამის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
ეთნიკური უმცირესობებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული საშეღავათო პოლიტიკა მიზნად ისახავს ყველა სტუდენტს მისცეს განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა.
კვლევა დაფინანსდა გაეროს ასოციაციის მიერ და განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება" (ANI) ფარგლებში.
კვლევის ფარგლებში CCIIR - მა სამოქმედო პოლიტიკასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები შეისწავლა: ა) რამდენად კარგად იცნობენ სამოქმედო გეგმას ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, ბ) რამდენად ეფექტურია საშეღავათო პოლიტიკა ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, გ) რა მოთხოვნებს აკმაყოფილებს ქართული ენის ერთწლიანი პროგრამა სტუდენტების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლისა და სტუდენტური ცხოვრებისთვის ეფექტურად მომზადებისათვის, დ) როგორია ქართული ენის ერთწლიანი პროგრამები დაგეგმვის, განხორციელების, ინფრასტრუქტურის, სასწავლო და სტუდენტური გარემოს თვალსაზრისით ე) რა არის ის კონკრეტული პრობლემები და საკითხები, რომლებსაც აწყდებიან ეთნიკური უმცირესობების აბიტურიენტები, ერთწლიანი ქართული ენის პროგრამის სტუდენტები თუ საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები საშეღავათო პოლიტიკის განხორციელების პერიოდში.
კვლევის ფარგლებში ორგანიზაციამ ასევე შეისწავლა პოლიტიკის განხორციელების პროცესში ჩართული ადამიანების შეხედულებები და დამოკიდებულებები პროცესთან დაკავშირებით.
კვლევის კონკრეტული შედგეგების ანალიზზე დაყრდნობით CCIIR - მა შეიმუშავა რეკომენდაციები, სამოქალაქო პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებისათვის.
„საშეღავათო პოლიტიკის“ განხორციელება ეთნიკური უმცირესობების აბიტურიენტებისათვის 2005 წლიდან იწყება. „კვოტირების სისტემა" კი 2010 წელს შემოიღეს.
2010 წლიდან დაწყებული ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამა დაახლოებით 1500 ეთნიკურად არაქართველ სტუდენტს აერთიანებს და მისი მიზანია ქართულ ენაზე უმაღლესი განათლების მისაღებად აუცილებელი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენა.