„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ ეუთოს ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისრის ოფისის (HCNM) დაფინანსებით განახორციელა პროექტი „საქართველოში მულტილინგვური განათლების შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება“.
დოკუმენტური ფილმი „საქართველო: მრავალენოვანი ქვეყანა - როგორ გადავლახოთ ენობრივი ბარიერი“, რომელიც საქართველოში ენობრივი პოლიტიკისა და განათლების სფეროში HCNM - ის ათწლიან გამოცდილებას ასახავს, ეუთომ 2012 წელს გადაიღო.
ფილმი მიზნად ისახავს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას მულტილინგვური განათლების რეფორმის შესახებ, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ ხორციელდება. ფილმის მიზანია ამ სფეროში დაინტერესებულ ყველა ადამიანს გააცნოს ის უპირატესობები, დადებითი თუ უარყოფითი მხარეები, ის გამოწვევები, რომლებიც ამ რეფორმის განხორცილებას ახლავს თან. ასევე გააცნოს ის აქტივობები, რომლებიც ხორციელდება მულტილინგვური განათლების რეფორმის ფარგლებში.
„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ ორგანიზება გაუწია ფილმის ჩვენებას ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. ფილმის ჩვენებასთან ერთად მოეწყო დისკუსიები ნაჩვენები დოკუმენტური ფილმისა და ზოგადად, მულტილინგვურ განათლებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. დისკუსიის მოდერატორები ამ სფეროში მომუშავე ექსპერტები იყვნენ.
პროექტის ფარგლებში სულ 16 შეხვედრა გაიმართა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რაიონულ ცენტრებსა და სოფლებში. კერძოდ ფილმი ვაჩვენეთ: სამცხე-ჯავახეთის რეგიონში: ახალქალაქში, ახალციხესა და ნინოწმინდაში; ქვემო ქართლის რეგიონში: მარნეულში, გარდაბანში, ბოლნისში, დმანისსა და წალკაში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს რაიონის სკოლის მასწავლებლებმა, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა, რაიონის რესურს ცენტრებისა და „ენის სახლების“ წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.
აღნიშნულ რეგიონებში ფილმის მიზნობრივი აუდიტორიისთვის ჩვენება-განხილვა და მათგან რეკომენდაციების მიღება ხელს შეუწყობს საქართველოში მულტილინგვური განათლების რეფორმის არსის უკეთ გაანალიზებას და გამოცდილების გათვალისწინებით, განათლების სფეროს წარმომადგენლების მიერ ახალი ხედვების, მიზნების დასახვას განათლების გზით საქართველოში ეთნიკური უმცირესობების ეფექტური ინტეგრაციისთვის.