სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა დაიწყო კვლევის განხორციელება, რომელიც გულისხმობს უმაღლეს სასწავლებლებში განათლების საშეღავათო პოლიტიკის და ერთწლიანი ქართული ენის პროგრამის ეფექტურობის კვლევას საქართველოში.
კვლევა დაფინანსებულია გაეროს ასოციაციის მიერ და ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება" (ANI) ფარგლებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული საშეღავათო პოლიტიკა მიზნად ისახავს ყველა სტუდენტს მისცეს განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა.
კვლევის ფარგლებში ორგანიზაცია სამოქმედო პოლიტიკასთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებს შეისწავლის: ა) რამდენად კარგად იცნობენ სამოქმედო გეგმას ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, ბ) რამდენად რელევანტურია სამოქმედო გეგმის გავლენა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტების განათლებაზე. გ) საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან სტუდენტების მზაობის განსაზღვრა მიიღონ მონაწილეობა ქართული ენის სწავლების ერთწლიან პროგრამაში სამოქმედო პოლიტიკის ფარგლებში და მათი რეკრუტირების საკითხი, დ) სწავლა/სწავლების პროცესის მონიტორინგი და შეფასება, ე) სამოქმედო პოლიტიკის ზოგადი გავლენების/შედეგების შესწავლა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებზე, ვ) სტუდენტების იმ პრობლემების შესწავლა, რომლებიც გამოიკვეთება ქართული ენის სწავლების ერთწლიანი პროგრამის დასრულების შემდეგ და ბაკალავრიატის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მათი გადასვლის პროცესში. ზ) რა გამოწვევები იკვეთება ახალი პოლიტიკის განხორციელების პროცესში და როგორია მათი გადაჭრის გზები.
კვლევის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შევისწავლოთ პოლიტიკის განხორციელების პროცესში ჩართული ადამიანების შეხედულებები და დამოკიდებულებები პროცესთან დაკავშირებით.
კვლევის სამიზნე აუდიტორიას შეადგენენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, უმაღლესი განათლების ინსტიტუტების ადმინისტრაციული და აკადემიური კოლექტივი, სტუდენტები და სხვა ჩართული მხარეები.
CCIIR კვლევის შემდეგ მეთოდებს იყენებს: პირისპირ ინტევიუ, ფოკუს ჯგუფი, ანკეტირება.
ზემოთაღნიშნულ საკითხებზე კვლევის კონკრეტული შედეგების მიღების შემდეგ, CCIIR შეიმუშავებს რეკომენდაციებს საშეღავათო პოლიტიკისა და ერთწლიანი ქართული ენის პროგრამის გასაუმჯობესებლად.