17 ივლისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კვლევის - „გენდერული თანასწორობის საკითხები საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლებისას“ ანგარიშისა და შედეგების პრეზენტაცია.
კვლევა ჩატარდა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში.
კვლევის ანგარიში, რომელიც „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ მიერ გამოიცა წარმოადგენს საბაზისო საფეხურის საზოგადოებრივი მეცნიერებების სასკოლო სახელმძღვანელოების გენდერულ ანალიზს.
კვლევის ობიექტს წარმოადგენდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2012 წელს გრიფირებული და გამოცემული ისტორიისა და სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოები.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: განათლებისა და გენდერის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს თავჯდომარე, მანანა კობახიძე, ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
პრეზენტაციის თემაზე მოხსენებით გამოვიდნენ: ნინო გოგოლაძე, ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისში საქართველოს პროგრამის მენეჯერი; ნათია გორგაძე, „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ პროგრამების მენეჯერი და განათლებისა და გენდერის ექსპერტები და კვლევის ავტორები: ირმა ხომერიკი, მანანა ჯავახიშვილი, თამარ აბრამიშვილი.
მომხსენებლების გამოსვლის შემდეგ, ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და დისკუსიით დასრულდა.
http://ginsc.net/home.php?option=article&id=26600&lang=ge#.UeaVJm0XClJ