26-29 აპრილს, ბაკურიანის საჯარო სკოლაში, „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ (CCIIR) პროფესიულ გაცვლით პროგრამაში მონაწილე მასწავლებლებისთვის (როგორც ქართველი, ისე სომეხი და აზერბაიჯანელი) საერთო საინფორმაციო ტრენინგები ჩაატარა.
ტრენინგების მიზანი იყო ამ მასწავლებლებისთის დეტალური ინფორმაციის მიწოდება გაცვლითი პროგრამის მიზნების, ამოცანებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს არაქართულენოვანი სკოლების დაწყებითი კლასის მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას და საქართველოს ქართულენოვანი და არაქართულენოვანი სკოლების თანამშრომლობას.
პროგრამის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების დაწყებითი კლასების (I-VI) 40 მასწავლებელი (აქედან 20 - ქვემო ქართლისა და 20 სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან) 1 თვით გაემგზავრა თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში. ამ პერიოდის განმავლობაში სომეხი და აზერბაიჯანელი მასწავლებლები ქართულ სკოლებში დაწყებითი კლასის ქართველ მასწავლებელთან ერთად იმუშავებენ: დაესწრებიან კოლეგების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს და მონაწილეობას მიიღებენ გაკვეთილის დაგეგმვისა და მსვლელობის პროცესში.
„ქართულენოვანი და არაქართულენოვანი სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლები საკუთარ გამოცდილების გაუზიარებენ ერთმანეთს, აგრეთვე მოხდება ამ სკოლების დაახლოება და სამომავლო თანამშრომლობის განვითარება, საერთო პროექტების დაგეგმვა და განხორციელების სტრატეგიაზე მუშაობა“ - განაცხადა ნათია გორგაძემ, CCIIR - ის პროგრამების მენეჯერმა.
გაცვლითი პროგრამა „ურთიერთთანამშრომლობა ქვემო ქართლის / სამცხე-ჯავახეთისა და საქართველოს სხვა რეგიონების მასწავლებლებს შორის“ დაფინანსებულია ეუთოს ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ. პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით და ის ხელს უწყობს განათლების სისტემაში ეროვნული ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის დაგეგმილი აქტივობების განხორციელებასა და რეფორმის მიზნების მიღწევას.