სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ (CCIIR) ახორციელებს გაცვლით პროგრამას „ურთიერთთანამშრომლობა ქვემო ქართლის / სამცხე-ჯავახეთისა და საქართველოს სხვა რეგიონების მასწავლებლებს შორის“ (Teachers Partnership between Kvemo Kartli /Samtskhe-Javakheti and other regions of Georgia). პროგრამა დაფინანსებულია ეუთოს ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ.
პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით და ის ხელს უწყობს განათლების სისტემაში ეროვნული ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის დაგეგმილი აქტივობების განხორციელებასა და რეფორმის მიზნების მიღწევას.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს არაქართულენოვანი სკოლების დაწყებითი კლასის მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას და საქართველოს ქართულენოვანი და არაქართულენოვანი სკოლების თანამშრომლობას. პროგრამის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების დაწყებითი კლასების (I-VI) 40 მასწავლებელი (აქედან 20 - ქვემო ქართლისა და 20 სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან) 1 თვით გაემგზავრება თბილისის ან საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში. ისინი 1 თვის განმავლობაში იმუშავებენ ქართულ სკოლებში დაწყებითი კლასის მასწავლებელთან ერთად, დაესწრებიან კოლეგების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს დაწყებით კლასებში, მასპინძელი სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ გაკვეთილის დაგეგმვისა და მსვლელობის პროცესში.
„ქართულენოვანი და არაქართულენოვანი სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლები საკუთარ გამოცდილების გაუზიარებენ ერთმანეთს, აგრეთვე მოხდება ამ სკოლების დაახლოება და სამომავლო თანამშრომლობის განვითარება, საერთო პროექტების დაგეგმვა და განხორციელების სტრატეგიაზე მუშაობა“ - აღნიშნა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის პროგრამების მენეჯერმა, ნათია გორგაძემ.
გაცვლითი პროგრამა 20 აპრილს დაიწყება და 20 მაისს დასრულდება დახურვის ცერემონიალით, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართება. პროგრამაში მონაწილე პედაგოგებს გადაეცემათ პროგრამაში მონაწილეობის სერთიფიკატი.