14 მარტს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი მარნეულის №3 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც ცენტრის ინიციატივით რაიონის ეთნიკური უმცირესობების სკოლების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს დონეებად დაყოფილი წიგნის „კითხვის კიბის“ილუსტრაციების შექმნაში.

 

ქართულ ენაზე დაწერილი პატარა მოთხრობების/ტექსტების სიუჟეტების ხატვა მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. მათ მიერ შექმნილი ილუსტრაციებიდან CCIIR საუკეთესოებს შეარჩევს, რომლებსაც მოგვიანებით წიგნში შეიტანს. ხატვის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს საჩუქრად სახატავი ინვენტარი გადაეცათ.

„მე წამოვიყვანე სამი მოსწავლე ჩემი სკოლიდან. ამ ტიპის აქტივობა ძალიან კარგია არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეების სხვა სკოლებიდან თავიანთ თანატოლებთან ინტეგრაციისთვის. კარგია, რომ ხატვის კონკურსი მიმდინარეობს ქართულ ენაზე, რადგანაც მოსწავლეებს უფრო უძლიერებს ქართული ენის შესწავლის ინტერესსა და სურვილს. ბავშვებს ძალიან გაუხარდათ, როცა გაიგეს, რომ მათი ნახატები დაიბეჭდება იმ წიგნში, რომლითაც შემდეგ თვითონ უნდა ისწავლონ“ - აღნიშნა მაია ბუწურაძემ, სოფელ დიდი მუღანლოს საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა და პროგრამის „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“ ტრენერმა.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა მსგავსი ექსპერიმენტი ერთხელ უკვე ჩაატარა 7-12 წლის ასაკის ქართველ მოსწავლეებში. ისინი ვაკის პარკში შეიკრიბნენ და თავიანთი არაქართველი მეგობრებისთვის მოთხრობები შეადგინეს, რომელთაგანაც რამოდენიმე „კითხვის კიბის“ წიგნში შევიდა.

„კითხვის კიბე“ არის სასწავლო მასალა არაქართულენოვანი სკოლების 1-6 კლასის მოსწავლეებისათვის, რომლის მიზანია წიგნიერების განვითარება ქართულ ენაზე.