27 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ახალი პროექტის „ორმაგი წიგნიერების განვითარება არაქართულენოვან სკოლებში“ პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი ხორციელდება USAID – ის ფინანსური მხარდაჭერით პროგრამა - „ყველა ბავშვი უნდა კითხულობდეს - უდიდესი გამოწვევა განვითარებისთვის“ ფარგლებში.
ღონისძიება გახსნეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ და რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილემ ქეთი ციხელაშვილმა. პროექტის ხელმძღვანელებმა პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს პროექტის მიზნები და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები გააცნეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2010 წლიდან ახორციელებს ბილინგვური განათლების პროგრამებს ეთნიკური უმცირესობების სკოლებში, სადაც სკოლებში სწავლების ძირითად ენას წარმოადგენს მათი მშობლიური ენა, სახელმწიფო ენასთან ერთად.
პროექტის მიზანია ორმაგი წიგნიერების განვითარება ბილინგვური სკოლებისთვის დაწყებით საფეხურზე, რაც შემდგომში მოსწავლეებს დაეხმარებათ როგორც მშობლიურ, ისე სახელმწიფო ენაზე წარმატების მიღწევაში.
„პროექტის ფარგლებში დასახული ამოცანები ბევრად უფრო გრძელვადიან შედეგებზეა გათვლილი, ვიდრე განხორციელების რეალური პერიოდია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შემუშავებული საკითხავი მასალები და მასწავლებელთა გადამზადების პროგრამა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს, არამედ ზოგადად, არაქართული სკოლების მოსწავლეებს შორის ბილინგვური განათლების განვითარებას“ - აცხადებს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი - შალვა ტაბატაძე.
პროექტის მოიცავს 22 თვეს მოიცავს და დასრულდება 2014 წლის სექტემბერში.