სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა დაიწყო ახალი პროექტის „ორმაგი წიგნიერების განვითარება არაქართულენოვან სკოლებში“ განხორციელება.
პროექტი ხორციელედება „ყველა ბავშვი უნდა კითხულობდეს - უდიდესი გამოწვევა განვითარებისთვის“ ფარგლებში, USIAD - ის დაფინანსებით. პროგრამის განხორციელების ვადები მოიცავს 2012 წლის დეკემბრიდან 2014 წლის სექტემბრამდე პერიოდს.
პროექტი მიზნად ისახავს წიგნიერების განვითარებას, როგორც მშობლიური, ასევე სახელმწიფო ენის სწავლის მიმართულებით ეთნიკური უმცირესობების სკოლის დაწყებით საფეხურზე, ასევე პროექტი გაუწევს მხარდაჭერას ბილინგვური განათლების რეფორმას, რომელსაც ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
პროექტის განხორციელების პროცესში მოხდება აქტიური თანამშრომლობა სომხეთის რესპუბლიკისგანათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ასევე საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირთან, რომლებიც პროექტის მიმდინარეობისას უზრუნველყოფენ ლინგვისტურ მხარდაჭერას დონეებად დაყოფილი სახელმძღვანელოების თარგმანისას.
პროექტი შედგება სამი კომპონენტისგან და წარმოდგენილი მიზნები მიიღწევა შემდეგი აქტივობებით:
(ა) დონეებად დაყოფილი ორენოვანი საკითხავი ტექსტების შემუშავება - „კითხვის კიბის“ თარგმანი სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რომელიც შეიქმნა და პილოტირება გაიარა საჯარო სკოლებში პროექტის „მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა სქართველოში“ ფარგლებში, ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით 2011 -2012 წლებში. მოხდება დონეებად დაყოფილი ტექსტების თარგმანის ადაპტირება ადგილობრივი კულტურული ასპექტების გათვალისწინებით.
(ბ) კომპიუტერული პროგრამების განვითარება ორენოვანი საფეხურეობრივი ტექსტების, კერძოდ „კითხვის კიბის“ 416 ტექსტისთვის. კომპიურეტული პროგრამა დაეფუძნება კონკრეტული კითხვის სწავლების სტრატეგიებს. თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით გაფორმებული ტექსტები საკითხავ მასალას გახდის უფრო მიმზიდველს მომხმარებლისთვის. შემუშავებული კომპიუტერული პროგრამა წარმოდგენილი იქნება ორი სახით: (ა) CD ვერსია (ბ) ინტერნეტ ვერსია. ინტერნეტ ვერსია აიტვირთება ვებ-გვერდზე www.reading.ge, რომელსაც ექნება თანდართული სიტყვიერი ინსტრუქცია, რომელიც გაამარტივებს მასალის გამოყენებას. ამასთანავე, პროექტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ელექტრონული მრავალენოვანი ილუსტრირებული ლექსიკონის შემუშავება. ვებ-გვერდზე განთავსებული ყველა მასალა იქნება სამენოვანი: ქართული, სომხური, აზერბაიჯანული.
(გ) მასწავლებელთა ტრენინგ-მოდულების, ასევე პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავება მასწავლებლებისთვის. ახალი მასალების დამუშავების პროცესში მოხდება პროექტის ხელმძღვანელთა და ექსპერტთა მხრიდან ახალი უნარების დანერგვა, რაც დახმარებას გაუწევს კითხვის უნარების განვითარებას უმცირესობების მშობლიურ ენაზე და ასევე ორენოვანი წიგნიერებისთვის სწავლა/სწავლების პროცესში.