გამოვიდა ახალი წიგნი „მეორე ენა - წერა: პრობლემები, მიდგომები, სტრატეგიები“. წიგნის ავტორია გიული შაბაშვილი. წიგნი ეხება მეორე ენის წერითი კომპონენტის სწავლებას.
წერა რთული კოგნიტური პროცესია, რომელიც თავისთავად გულისხმობს შექმნის პროცესს, იქნება ეს ნარატივის ან აღწერის საშუალებით ინფორმაციის უბრალოდ გადმოცემა თუ არგუმენტირებული / ანალიტიკური წერის პრინციპების მეშვეობით მოცემული ინფორმაციის გარდაქმნა / დამუშავება. წერის უნარების დაუფლება განსაკუთრებით რთულდება მეორე ენის სწავლების შემთხვევაში, რადგან კოგნიტური პროცესების პარალელურად შემსწავლელი დგას ენობრივი კომპეტენციის ამაღლების პრობლემის წინაშეც. წიგნში მოცემულია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ამ თვალსაზრისით არსებული სირთულეები, პრობლემის გადაჭრის გზები, განხილულია წარმატებული წერის პროცესისათვის აუცილებელი კონკრეტული სტრატეგიები, წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის პრაქტიკული სავარჯიშოები. კვლევა განხორციელებულია თსუ ქართულ ენაში მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში. წიგნი გამოადგება როგორც მეორე ენის წერის კომპონენტის სწავლებაში ჩართულ პრაქტიკოს მასწავლებლებს, ისე დაინტერესებულ პირებს.