დღეს, 24 მაისს 2012 წლის გამოსაშვები გამოცდები გეოგრაფიის გამოცდით გაგრძელდა. საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 104-ე საჯარო სკოლაში აკვირდებოდა, სადაც გამოცდას სომხურენოვანი სკოლის მოსწავლეები აბარებენ.

არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებმა შარშანდელთან შედარებით წელს გაცილებით მაღალი შედეგი აჩვენეს. წელს საშუალო 8 ქულა დაფიქსირდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები საატეტსტო გამოცდებს საკუთარ ენაზე აბარებენ. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ხვალ, 25 მაისს გამოცდას ფიზიკაში; 28 მაისს - ქიმიაში; 29 მაისს - ბიოლოგიაში, ხოლო 30 მაისს - მათემატიკაში ჩააბარებენ.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელი აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ზოგადი უნარების ტესტის ჩაბარების საფუძველზე ირიცხებიან. წარმატებული აბიტურიენტები ქართული ენის შემსწავლელ სპეციალურ ერთწლიან პროგრამას გადიან და სასურველ სპეციალობებზე სწავლას ქართულ ენაზე განაგრძობენ.

სპეციალურად ეთნიკური უმცირესობებისთვის შექმნილია ქართული ენის სახელმძღვანელოები დამხმარე აუდიო-ვიდეო მასალით, რომელიც დონეების მიხედვითაა დაყოფილი.