განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი სომხური სკოლების დირექტორებს შეხვდა და მათ დამხმარე სახელმძღვანელოები გადასცა. სახელმძღვანელო „სკოლის დირექტორის პრაქტიკულ გზამკვლევი, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გამოცემას წარმოადგენს, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ ითარგმნა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ეთნიკური უმცირესობის სკოლებისათვის.

ორენოვანი სახელმძღვანელოები "ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში "არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერა განათლების რეფორმის განხორციელების პროცესში" ითარგმნა და გამოიცა. მასში ქართულ და სომხურ ენებზე განხილულია საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში აღიარებული წარმატებული სკოლის სტანდარტები და ინდიკატორები. „სკოლის დირექტორის პრაქტიკულ გზამკვლევში“ დირექტორებს საშუალება აქვთ მოიძიონ ინფორმაცია, როგორ შეადგინონ სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა და როგორ განახორციელონ ამ გეგმის მონიტორინგი; ასევე როგორ მოიძიონ და დაასაქმონ სკოლაში მაღალკვალიფიციური კადრები და იზრუნონ მათ პროფესიულ განვითარებაზე. სახელმძღვანელოში ასევე თავმოყრილია რეკომენდაციები საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტური ფორმების შესამუშავებლად.

დირექტორებს სახელმძღვანელოები ქუთაისში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში გაიმართულ შეხვედრაზე გადაეცათ, სადაც საქართველოს მასშტაბით ყველა სომხური სკოლის დირექტორი ქართული ენის კურსებს გადის.