2009 წლის 11 ივნისს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ ქალაქ მარნეულში გაიმართა შეხვედრა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძესთან მარნეულის საკრებულოს შენობაში.

გიორგი ვაშაძემ ადგილობრივ დოკუმენტების აღებასთან დაკავშირებით მოსახლეობის კითხვებს უპასუხა. შეხვედრა გაიმართა პროექტის "სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრები" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.

 

გიორგი ვაშაძის თქმით, მოქალაქეების კითხვები, ძირითადად, უკავშირდებოდა გვარების თარგმანებში დაშვებულ შეცდომებს, მოქალაქეობის საკითხებს და ბავშვების დაბადების მოწმობების არქონის პრობლემას. „შესაძლოა, რაიმე საკანონმდებლო ცვლილებაც კი გახდეს საჭირო იმისათვის, რომ ყველა მოქალაქეს მოუგვარდეს დოკუმენტების აღების პრობლემა, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, გადავდგათ ადეკვატური ნაბიჯები“, - აღნიშნა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტერგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობათა ცენტრის“ ხელმძღვანელის შალვა ტაბატაძის განცხადებით, მისი ორგანიზაციის მუშაობის მიზანია სახელმწიფო სტრუქტურებში გატარებული რეფორმების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება და დღევანდელი ღონისძიება სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი ერთი დღე სამოქალაქო რეესტრთან ერთად“, რომელიც სამოქალაქო რეესტრის სისტემაში გატარებულ რეფორმას ეხება.

ანალოგიური ტიპის შეხვედრები მომავალში კვლავ გაიმართება, რის შემდგომაც საინფორმაციო ბიულეტენი „ხშირად დასმული შეკითხვები“ გამოიცემა. ბიულეტენში მოსახლეობისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე გაცემული პასუხები იქნება თავმოყრილი.