2015
დასრულებული

პროექტი: "მულტიკულტურული განათლების ასახვა მასწავლებელთა განათლების პროგრამებში"
თარიღი: 2015
სტატუსი: დასრულებული

 პროექტი "მულტიკულტურული განათლების ასახვა მასწავლებელთა განათლების პროგრამებში" განხორციელდა ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის სამიზნე იყო 3 უმაღლესი სასწავლებელი - ქუთაისის, ბათუმისა და გორის და მისი მიზანი იყო უნივერსიტეტებში მომავალი მასწავლებლების მომზადება მაღალი მულტიკულტურული მგრძნობელობითა და მრავალფეროვანი კლასის მართვისა და სწავლების უნარებით მასწავლებელთა განათლების პროგრამების გაუმჯობესების გზით.

ამოცანები:
• მასწავლებელთა განათლების პროგრამებში ინტერკულტურული ასპექტების ასახვა
• სტუდენტებში მულტიკულტურული მგრძნობელობის და ტოლერანტობის განვითარება, პროფესორ-მასწავლებლების გადამზადების გზით ინტერკულტურული სასწავლო გეგმის შედგენისა და მისი იმპლემენტაციის საკითხებზე
• მულტიკულტურული განათლების კურსის/ მოდულის შექმნა მასწავლებელთა განათლების პროგრამებისთვის სამ უმაღლეს სასწავლებელში
• საქართველოს სამ უმაღლეს სასწავლებელში ტოლერანტობის და ურთიერთპატივისცემის გარემოს შექმნა ინტერკულტურული ღონისძიებების ორგანიზების გზით;

აქტივობები & მიღწევები:

ვორქშოფები -
პროექტის სამიზნე თითოეულ უნივერსიტეტში ჩატარდა სამუშაო შეხვედრები/სემინარები მასწავლებელთა განათლების პროგრამების წარმომადგენლებთან - ლექტორებსა და ხარისხის მართვის სამსახურების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განხილული ძირითადი საკითხები იყო: მულტიკულტურული განათლების ასახვის ინსტრუმენტები მასწავლებელთა განათლების პროგრა- მებში, როგორ შევადგინოთ კულტურულად რელევანტური სასწავლო სილაბუსები და სასწავლო რესურსები.

ინტერკულტურული ღონისძიებები -
პროექტის ფარგლებში სულ ჩატარდა 6 ინტერკულტურული ღონისძიება უნივერსიტეტებში მულტიკულტურულად სენსიტიური გარემოს შესაქმნელად და ტოლერანტობის მხარდასაჭერად:

1. ფილოლოგისა და პარლამენტარის ლევან ბერძენიშვილის ღია ლექცია თემაზე “დემოკრატიული ღირებულებები ქართულ კულტურაში“. ჩატარების ადგილი: ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
2. ღონისძიება „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“, სადაც ქართველმა, თურქმა, სომეხმა, რუსმა და აზერბაიჯანელმა სტუდენტებმა საკუთარი ქვეყნების კულტურა და მულტიკულტურული მახასიათებლები წარმოადგინეს სხვადასხვა შემოქმედებით ნომერთან ერთად. ჩატარების
ადგილი: ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
3. გაცვლითი კულტურული ტურები: მარნეულის N2 საჯარო, ამავე მუნიციპალიტეტის ორი აზერბაიჯანული (ჯანდარის, კაჩაგანის) და შულავერის N1 სომხური სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. გაცვლითი კულტურული ტურების მიზანი იყო არაქართულენოვანი მოსახლეობის ინტეგრაცია ეთნიკურად და კულტურულად განსხვავებულ
გარემოში, ურთიერთპატივისცემის, თანამშრომლობისა და სამოქალაქო საზოგადოებაში ჩართულობის ხარისხის ამაღლება.
4. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ-მასწავლებელთა საპასუხო ვიზიტი მარნეულის რაიონის კაჩაგანის N1 საჯარო სკოლაში.
5. გამოცდილების გაზიარება და უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება: თსუ ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სწავლების სპეციფიკა და მეთოდიკა გაუზიარეს ქუთაისის უნივერსიტეტის პედაგოგიკის ფაკულტეტის ლექტორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს - მომავალ მასწავლებლებს, რომელთაც უთუოდ მოუწევთ მულტიკულტურულ გარემოში, არაერთგვაროვან სამიზნე ჯგუფებთან მუშაობა. ჩატარების ადგილი: ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
6. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ,,ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის“ წევრის, დოქტორის ოლივერ რაისნერის საჯარო ლექცია თემაზე ,,ევროპული გამოცდილება ინტერკულტურულ განათლებაში“. ჩატარების ადგილი: ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.