2014
დასრულებული

პროექტი: „მასწავლებელთა განათლება - მულტიკულტურული სწავლებისთვის მომზადება“
თარიღი: 2014
სტატუსი: დასრულებული

 პროექტი „მასწავლებელთა განათლება - მულტიკულტურული სწავლებისთვის მომზადება“ განხორციელდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის დაფინანსებით. პროექტის მიზანია მასწავლებელთა განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა მულტიკულტურალიზმის განვითარების კონტექსტში.

პროექტის ამოცანები:
• მასწავლებელთა განათლებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების შესწავლა მულტიკულტურალიზმის თვალსაზრისით და მისი შესაბამისობა არსებულ საგანმანათლებლო საჭიროებებთან.
• საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მულტიკულტურული განათლების შესახებ და ყველა დაინტერესებული მხარის მობილიზება პოზიტიური ცვლილებებისთვის.
• რეკომენდაციების შემუშავება მასწავლებელთა მულტიკულტურული კომპეტენციების ასამაღლებლად.

პროექტის ბენეფიციარები:
• საქართველოს განათლების სამინისტრო.
• საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც ახორციელებენ მასწავლებელთა განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს.
• მასწავლებელთა განათლების პროგრამების ფაკულტეტისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების წარმომადგენლები.
• საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების 1726 სტუდენტი სწავლების სხვადასხვა საფეხურზე.
• დაახლოებით 68 000 სკოლის მასწავლებელი.
• ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების აკრედიტირებული პროგრამები.

ორგანიზაციამ შეაფასა,რამდენად ეფექტურია მასწავლებელთა განათლების პროგრამები და რამდენად ფლობენ მასწავლებლები მულტიკულტურული სწავლების კომპეტენციებს იმისათვის რომ მართონ მრავალფეროვანი კლასი.

კვლევის მეთოდოლოგია:
სამაგიდე კვლევა, რომელიც მოიცავდა: ა)უმაღლეს სასწავლებლებში არსებული მასწავლებელთა განათლების პროგრამების კურიკულუმებისა და სილაბუსების კვლევა. ბ) იმ პროგრამების კვლევა, რომლებიც უზრუნველყოფენ სწავლების ზოგადი და პროფესიული უნარებისა და საგნის სწავლების კომპეტენციების განვითარებას; ასევე მასწავლებელთა სახლის მიერ 2011 წლიდან განხორციელებული პროგრამებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ 2009-2010 წლებში განხორციელებული პროგრამების შედარებითი ანალიზი. გ) მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტების ანალიზი.

პირისპირ ინტერვიუ 332 სტუდენტთან, რომელიც სწავლობს მასწავლებელთა განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.

4 ფოკუს ჯგუფი თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტების მასწავლებელთა განათლების პროგრამების ფაკულტეტის წარმომადგენლებთან.

აქტივობები/მიღწევები:
• ქართულ და ინგლისურ ენებზე მომზადდა და გამოიცა კვლევის ანგარიში, რომელიც სრულად მოიცავს მასწავლებელთა განათლების პროგრამებსა და მულტიკულტურულ სწავლებასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებს, რომლებიც CCIIR - მა კვლევის ფარგლებში შეისწავლა და იმ რეკომენდაციებს, რომლებიც კვლევის შედეგების ანალიზმა აჩვენა.
• პროექტის ფარგლებში დაინტერესებულ მხარეებთან ჩატარდა 3 სამუშაო შეხვედრა, სადაც კვლევის პირველადი შედეგები განიხილეს.
• კვლევის შედეგების პრეზენტაცია მოეწყო სტუდენტებთან და ფაკულტეტის წარმომადგენლებთან ახალციხის, თელავის, თბილისისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში.
• გაიმართა პროექტის შედეგების პერზენტაცია, რომელსაც 50 - მდე დაინტერესებული მხარე დაესწრო.