პროექტი: ორენოვანი წიგნიერების განვითარება არაქართულენოვან სკოლებში“
თარიღი: 2012-2014
სტატუსი: დასრულებული
„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ (CCIIR) ახორციელებს პროექტს „ორენოვანი წიგნიერების განვითარება არაქართულენოვან სკოლებში“. პროექტი ხორციელედება USAID - ის ფინანსური მხარდაჭერით პროგრამა - „ყველა ბავშვი უნდა კითხულობდეს - უდიდესი გამოწვევა განვითარებისთვის“ ფარგლებში.
ორენოვანი წიგნიერების და ზოგადად, წიგნიერების განვითარება ეთნიკური უმცირესობებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2010 წლიდან ახორციელებს ბილინგვური განათლების პროგრამებს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, სადაც სკოლებში სწავლების ძირითად ენას წარმოადგენს მათი მშობლიური ენა, სახელმწიფო ენასთან ერთად. აღნიშნული პროექტი მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბილინგვური განათლების რეფორმას.
სამიზნე ჯგუფები: I ჯგუფი: 216 ეთნიკური უმცირესობების (არაქართულენოვანი) სკოლები საქართველოში. II ჯგუფი: დაწყებითი საფეხურის უმცირესობების სკოლის 432 მასწავლებელი. III ჯგუფი: დაწყებითი საფეხურის 30000 მოსწავლე და მათი მშობლები.
პროექტის მიზანია ორენოვანი წიგნიერების განვითარება ბილინგვური სკოლებისთვის დაწყებით საფეხურზე, რაც შემდგომში მოსწავლეებს დაეხმარებათ როგორც მშობლიურ, ისე სახელმწიფო ენაზე წარმატების მიღწევაში.
კომპონენტი 1 - დონეებად დაყოფილი ბილინგვური ტექსტების შექმნა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) განავითარა პილოტირებული და დონეებად დაყოფილი საკითხავი ტექსტები - „კითხვის კიბე“ ქართულ ენაზე, რომელიც დაფინანსდა ეუთოს - ს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ 2011-2012 წლებში პროექტის „მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში. „კითხვის კიბე“ 20 თანმიმდევრული საფეხურისგან შედგება და მთლიანობაში 416 ტექსტს მოიცავს. ტექსტები ამ საფეხურების მიხედვით არის განაწილებული. „კითხვის კიბე“ შეიქმნა წიგნის დონეებად დაყოფის საუკეთესო გამოცდილებებზე დაყრდნობით (Pincell and Pountas, Scholastic, Rigby, Reading Recovery) და ამავე დროს აერთიანებს იმ ელემენტებს, რომლებიც სპეციფიკურია ქართული ენისთვის. სახელმძღვანელოებმა პილოტირება გაიარეს საქართველოს საჯარო სკოლებში და მათში ცვლილებები შევა პილოტირების შედეგების გათვალისწინებით. „კითხვის კიბე“ მოიცავს როგორც მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს, ასევე სამეტყველო ტექსტებსაც. ტექსტები არის სხვადასხვა ჟანრის: მითი, ლეგენდები, ზღაპრები და კლასიკური ლიტერატურა. „კითხვის კიბე“ მოთხრობების სერიასაც შეიცავს. სერიულ ტექსტებს ჰქვია „თაკოს, თოკოსა და პაკოს ისტორიები“, რომლებიც 216 ამბისგან შედგება. უმეტესი მათგანი დაფუძნებულია ღირებულებებზე. პროექტი ითვალისწინებს „კითხვის კიბის“ სახელმძღვანელოების თარგმნას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. თარგმანი ადაპტირებული იქნება ადგილობრივ კულტურასთან.
შედეგები: ქართულ-სომხური „კითხვის კიბის“ 580 დაბეჭდილი ეგზემპლარი (5 ცალი თითოეული სომხური სკოლისთვის); ქართულ-აზერბაიჯანული „კითხვის კიბის“ 500 ეგზემპლარი (5 ცალი თითოეული აზერბაიჯანული სკოლისთვის).
კომპონენტი 2 - კომპიუტერული პროგრამების შექმნა/განვითარება დონეებად დაყოფილი ბილინგვური ტექსტებისთვის. შეიქმნება „კითხვის კიბის“ ონლაინ ვერსია, რაც საკითხავ მასალას უფრო მიმზიდველს გახდის მკითხველებისთვის. ტექსტი დაიყოფა როგორც დონეების/საფეხურების მიხედვით, ასევე ჟანრების მიხედვითაც. შემუშავებული კომპიუტერული პროგრამა დაეფუძნება კითხვის სწავლების სტრატეგიებს და წარმოდგენილი იქნება ორი სახით: ა) CD ვერსია; ბ) ინტერნეტ ვერსია, რომელიც აიტვირთება ვებ-გვერდზე www.reading.ge სპეციალურად მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის შეიქმნება ვიდეო ინსტრუქციები სამ ენაზე: ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ. ეს მშობლებს საშუალებას მისცემს, სახელმწიფო ენის ცოდნის გარეშე, მონაწილეობა მიიღონ სწავლების პროცესში და დაეხმარონ თავიანთ შვილებს კითხვის უნარების განვითარებაში როგორც ქართულ, ისე მათ მშობლიურ ენებზე. ბილინგვური ტექსტებისთვის შეიქმნება ელექტრონული მულტილინგვური ილუსტრირებული ლექსიკონი (ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანული). ლექსიკონი უკვე არსებულ ბეჭდურ ლექსიკონებსა და „კითხვის კიბის“ ტექსტებს დაეფუძნება და შეძლებისდაგვარად სრულყოფილი სახით დაიდება ვებგვერდზე - www.reading.ge. ლექსიკონი წარმოდგენილი იქნება ნეთბუკებშიც, რომლებსაც განათლების და მეცნიერების სამინისტრო გადასცემს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს. ელექტრონულ ლექსიკონში შევა ყველა სიტყვა, რომელიც გამოყენებულია დონეებად დაყოფილ ბილინგვურ ტექსტებში. თითოეულ სიტყვას თან ახლავს ილუსტრაცია და/ან შესაბამისი სემანტიკა.
კომპონენტი 3 - მასწავლებელთა ტრენინგ-მოდულებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა შეადგენს 45 საკონტაქტო საათს. ტრენინგ პროგრამა განხორციელდება 6 თვის განმავლობაში და დაახლოებით 432 უმცირესობების სკოლის მასწავლებელი მიიღებს მასში მონაწილეობას. ყველა მათგანს ექნება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ტრენინგებს მოსწავლეთა სწავლების სტრატეგიების შესახებ, რომ მაგალითად, მასწავლებლებმა თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენონ სასწავლო პროცესში.