GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2013-05-23
CCIIR - მა ხელი მოაწერა ხარისხისა და ეთიკის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტს

21 მაისს, თექვსმეტმა ქართულმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ ხელი მოაწერა ხარისხისა და ეთიკის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტს. ეს დოკუმენტი სტანდარტების კრებულია, რომელიც ანალიტიკურ ორგანიზაციებს თავიანთ საქმიანობაში გაუძღვება. მისი მიზანია ჩამოაყალიბოს უპირატესი პრინციპები და უზრუნველყოს ანალიტიკური ორგანიზაციების მიერ უმაღლესი პროფესიული სტანდარტების დაცვა. ეთიკის ნაწილი აერთიანებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებული მმართველობა ორგანიზაციაში, ხოლო ხარისხის სტანდარტების მოიცავს კვლევის ხარისხის, ანალიზის და ადვოკატირების პროცესს.

ღონისძიებაზე G-PAC-მა გააცნო სტანდარტების დოკუმენტი არასამთავრობო სექტორის, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რის შემდეგაც გაიმართა საჯარო ხელმოწერის ცერემონია.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა“ (G-PAC) დაეხმარა ქართულ ანალიტიკურ ორგანიზაციებს ამ სტანდარტების შემუშავებაში. სტანდარტები ეფუძნება აშშ-ში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ მსგავსი სახის დოკუმენტებს. წინამდებარე სახელმძღვანელოს პრინციპების სამუშაო ვერსიას ასევე გაეცნენ არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ექსპერტები და თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს. ხანგრძლივი დისკუსიის შედეგად და საჯარო პოლიტიკის კვლევის სფეროში საქართველოში არსებული რეალობის გათვალისწინებით, ქართული ანალიტიკური ორგანიზაციები საბოლოოდ ერთობლივად შეჯერდნენ და ხელი მოაწერეს ამ სახელმძღვანელო პრინციპებს.

ხარისხისა და ეთიკის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტის ხელმოწერით, ანალიტიკური ორგანიზაციები იღებენ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას, განუხრელად დაიცვან ისინი, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ამ ორგანიზაციების რეპუტაციის, სანდოობისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესებას.

დოკუმენტზე შემდეგმა ანალიტიკურმა ორგანიზაციებმა მოაწერეს ხელი:

1. საერთაშორისო ფონდი კურაციო
2. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
3. განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი
4. პი-ემ-სი კვლევთი ცენტრი
5. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
6. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
7. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი
8. ლიბერალური აკადემია თბილისი
9. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
10. აისეტის კვლევითი ინსტიტუტი
11. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
12. თბილისის პოლიტიკის ანალიზის ცენტრი
13. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
14. კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი
15. საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი
16. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

 

www.ewmi-gpac.org/news-events/analitikuri-organizaciebi-xels-aceren-khariskhisa-da-etikis-saxelmdzgvanelo/


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით